გერმანიამ საქართველოს, მოლდოვეთის რესპუბლიკისა და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებების რატიფიცირების სიგელები წარადგინა

Europäische und deutsche Flagge Bild vergrößern (© Colourbox.com)

გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ 22 ივლისს ევროკავშირის საბჭოს გენერალურ მდივანს წარუდგინა საქართველოს, მოლდოვეთის რესპუბლიკისა და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებების რატიფიცირების სიგელები. ამით დასრულდა ასოცირების ამ შეთანხმებების ეროვნული რატიფიცირების პროცესი. საქართველოს, მოლდოვეთის რესპუბლიკისა და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებებს 2014 წლის 21 მარტსა/27 ივნისს მოეწერა ხელი. ბაზრების ორმხრივი გახსნის გარდა ეს შეთანხმებები ითვალისწინებს ასევე ევროკავშირის სამართლებრივი და ეკონომიკური სტანდარტების დამკვიდრებას შესაბამის პარტნიორ ქვეყნებში. ეს სტანდარტები მოიცავენ მაგალითად რეფორმებს დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს გაძლიერებისათვის, ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას, კორუფციასთან ბრძოლას, ასევე ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია ვაჭრობის, საბაჟო, კონკურენციის, ენერგეტიკისა და გარემოსა და კლიმატის დაცვის სფეროებში არსებული სტანდარტებისა და ადმინისტრირების გამოცდილების მისადაგებას. მას შემდეგ, რაც პარტნიორმა ქვეყნებმა უკვე გასული წლის ზაფხულში მოახდინეს შეთანხმებების რატიფიცირება, ასოცირების შეთანხმების ის ნაწილები, რომლებიც ევროკავშირის კომპეტენციაში შედის, საქართველოსა და მოლდოვას შემთხვევაში უკვე 2014 წლის პირველი სექტემბრიდან არის დროებით ძალაში, ხოლო უკრაინის შემთხვევაში - 2014 წლის 1 ნოემბრიდან. საბოლოოდ ასოცირების შეთანხმებები ძალაში შევა მაშინ, როდესაც ევროკავშირის ყველა ქვეყანა და ევროკავშირი მოახდენს მათ რატიფიცირებას. გერმანიის მიერ შეთანხმებების რატიფიცირება კი ამ პროცესში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. გერმანია და ევროკავშირი პარტნიორ ქვეყნებს დიდი ძალისხმევით მხარს დაუჭერენ შეთანხმებების იმპლემენტაციისათვის აუცილებელი რეფორმების მიზანმიმართულ განხორციელებაში.