ტექნოლოგია „made in Germany“ - მანქანათმშენებლობისა და საწარმოთა მშენებლობის სფეროების წარმომადგენელთა გერმანული ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

გერმანული ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტი საქართველოში Bild vergrößern (© გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება)

 გერმანული ფირმების ინტერესი საქართველოს ბაზრისა და ასევე მისი, როგორც ინვესტიციების განხორციელებისათვის საინტერესო ქვეყნისადმი კვლავაც ძალიან დიდია. ამის ნათელი მაგალითია თერთმეტკაციანი ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 2014 წლის 15-დან 17 ოქტომბრამდე. დელეგაციაში, რომელსაც გერმანიის ეკონომიკისა და ენერგიის ფედერალური სამინისტრო ხელმძღვანელობს, არიან გერმანული მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები მანქანათმშენებლობის, საწარმოთა მშენებლობისა და ასევე ლოგისტიკის სფეროებიდან. შეხვედრებითა და საწარმოების დათვალიერებით დელეგაციის წევრებს შეექმნებათ სურათი ქართული ბაზრის პოტენციალის შესახებ. ვიზიტის მიზანია საქართველოში პოტენციურ პარტნიორებთან კონტაქტების დამყარება და უკვე არსებული კავშირების გაღრმავება.

ეს უკვე მეხუთე დიდი გერმანული ბიზნეს-დელეგაციაა, რომელიც 2014 წლის განმავლობაში საქართველოში ჩამოდის. ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ გერმანული ფირმები იმედით უყურებენ ქართულ ბაზარს, სადაც გერმანიაში დამზადებული პროდუქცია ძალიან დაფასებულია.

ბიზნეს-დელეგაციების ვიზიტების რაოდენობის გაზრდა ასახავს ქართულ-გერმანული საგარეო ვაჭრობის დადებით განვითარებას: გერმანიის სტატისტიკური ფედერალური უწყების მომაცემებით 2014 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის ბილატერალური საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი 14%-ით გაიზარდა. ამასთან ქართულ საგარეო ვაჭრობაში მანქანათმშენებლობის სფერო 40%-ით განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

ეს დადებითი განვითარება ნათელს ხდის იმ პოტენციალს, რომელიც ორივე ქვეყნისათვის მოაქვს ივნისში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილ ასოცირების შეთანხმებას და მასში შემავალ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. სექტემბრიდან ამ შეთანხმების დროებითი გამოყენებით მოსალოდნელია ევროპასთან და გერმანიასთან ვაჭრობის ზრდა. ევროკავშირთან ასეთი დაახლოებით საქართველო ინვესტიციებისათვის საინტერესო ქვეყანა ხდება ფირმებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ასეთი განვითარების წინაპირობას კი წარმოადგენს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებაში გაწერილი დროული ადაპტაცია ევროპულ ეკონომიკურ კანონმდებლობასთან.