გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრის საპარლამენტო სახელმწიფო მდივნის ჰანს-იოახიმ ფუხტელის ვიზიტი საქართველოში

  გერმანიის საპარლამენტო სახელმწიფო მდივნის ჰანს-იოახიმ ფუხტელის ვიზიტი საქართველოში Bild vergrößern გერმანიის საპარლამენტო სახელმწიფო მდივნი ჰანს-იოახიმ ფუხტელი და საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი (© გერმანიის საელჩო) 2014 წლის 30 აპრილიდან 2 მაისამდე გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრის საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი ჰანს-იოახიმ ფუხტელი საქართველოს სტუმრობდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბატონი ფუხტელი გაეცნო საქართველოში არსებულ მდგომარეობას. მან შეხვედრები გამართა საქართველოს მთავრობის მინისტრებთან და სახელმწოფო აუდიტის სამსახურის უფროსთან, სადაც განიხილეს გერმანიასა და საქართველოს შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის აქტუალური მდგომარეობა და შემდგომი პერსპექტივები. გარდა ამისა მან მონიახულა რამდენიმე გერმანულ-ქართული ერთობლივი პროექტი.

გერმანიასა და საქართველოს შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობა უკვე ოც წელზე მეტს ითვლის. 1992 წლიდან გერმანიამ საქართველოს 660 მილიონი ევროს დახმარება გაუწია და ამით საქართველოს დონორთა სიაში მეორე ადგილზეა (აშშ-ის შემდეგ). 2013 წლის მაისში გამართულ სამთავრობო მოლაპარაკებების დროს საქართველომ გერმანიისგან 102 მილიონი ევროს გამოყოფის თანხმობა მიიღო. ამას ემატება 26 მილიონი ევრო სამხრეთ კავაკასიაში ტექნიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროექტებისათვის. განვითარების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის სფეროებია გარემოს დაცვა და ენერგეტიკა, მდგრადი ეკონომიკური განვითარება და ეფექტური მმართველობა (სამართლისა და სასამართლოს რეფორმები, ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარება და საჯარო ფინანსების მართვა).

აქედან გამომდინარე ბატონმა ფუხტელმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან და ეკონომიკის მინსტრთან, ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან და ასევე ფინანსთა მინისტრთან, ბატონ ნოდარ ხადურთან შეხვედრისას პირველ რიგში ისაუბრა განვითარების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე ნარჩენების მენეჯმენტის, პროფესიული განათლების, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის დარგებში. საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრთან, ქალბატონ ხათუნა გოგალაძესთან ერთად ბატონმა ფუხტელმა მოინახულა სართიჭალის სანერგე მეურნეობა, სადაც განიხილეს ბუნებრივი რესურსების მდგრადი მენეჯმენტის საკითხები. სართიჭალის სანერგე სამხრეთ კავკასიაში ყველაზე თანამედროვე სანერგე მეურნეობა და ბიომრავალფეროვნების მდგრადი მენეჯმენტის პროექტის ნაწილია, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს. კლიმატისათვის მსოფლიოში ტყის დაცვის მნიშვნელობის საჩვენებლად მინისტრმა გოგალაძემ და ბატონმა ფუხტელმა ორი ხე დარგეს.

საქართველოში ვიზიტისას ბატონმა ფუხტელმა აღნიშნა: ”გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების სურვილს. განვითარების სფეროში გაწეული დახმარებით გერმანული მხარე ბოლო წლების განმავლობაში ყოველთვის გვერდით ედგა საქართველოს ევროკავშირში ასოცირების გზაზე. საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები შთამბეჭდავია და ჩვენს აღიარებას იმსახურებს. ჩემი ვიზიტისას ადგილზე გავეცანი, განვითარების კიდევ რა საჭიროება არსებობს. ახლა აუცილებელია, რომ მაღალ დონეზე - განსაკუთრებით თანამედროვე მიდგომით - გაგრძელდეს რეფორმების შემდგომი ღონისძიებები, ისეთები, როგორიცაა კონკურენციის დამოუკიდებელი სააგენტოს ჩამოყალიბება და დემოკრატიული დეცენტრალიზაცია.”

ბატონმა ფუხტელმა ასევე მოინახულა პროფესიული განათლების კოლეჯი ”სპექტრი”, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ინსტრუქტორებისათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ტარდებოდა. ”სპექტრმა” საქართველოში დაიწყო დუალური პროფესიული განათლების სისტემის ჩამოყალიბება, რაც საქართველოს მთავრობის მიზანია. კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით განათლების თეორიული ნაწილი შეესაბამება იმას, რაც მომავალი პროფესიის განხორციელებისათვის რეალურად არის საჭირო. ასევე სტუდენტები უშუალოდ ეცნობიან მუშაობის პროცესს, რადგან სწავლის ერთ ნაწილს უშუალოდ საწარმოებში ატარებენ. სახელმწიფო მდივანი დაესწრო პრაქტიკულ გაკვეთილებს და თვითონაც მიიღო მონაწილეობა ლითონის შედუღებაში. საქართველოში გათვალიწინებულია გერმანიაში წარმატებული ”დუალური სისტემის” შემდგომი განვითარება, რაც განათლების სამინისტროს სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ხელს უწყობს აღნიშნულ პროექტს კოლეჯი ”სპექტრისა” და გერმანული ფირმების ”კაპაროლის”, ”ჰაიდელბერგ ცემენტისა” და ”კნაუფის” მხარდაჭერით.

ვიზიტის ფარგლებში ბატონმა ფუხტელმა მოინახულა პროექტი, რომელსაც გერმანიისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ერთობლივად ახორციელებენ: იგი ესტუმრა ასოციაცია ”თბილისის მშობელთა სახლის” ცენტრ ”ბავშვთა პლანეტას”, სადაც ზრუნავენ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე და რომელსაც ასევე ეხმარება გრეის კელის გერმანული ფონდი.

ვიზიტის მეორე დღეს ბატონი ფუხტელი გაემგზავრა შიდა ქართლის რეგიონში, სადაც მოინახულა გერმანიის დახმარებით აშენებული დევნილთა დასახლება გორში და რამდენიმე საწარმო.

მთლიანობაში ბატონ სახელმწიფო მდივანს საქართველოში გერმანიის მოღვაწეობის მრავალფეროვანი და საინტერესო სურათი დახვდა. იგი კიდევ ერთხელ დარწმუნდა გერმანიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მყარი ფუნდამენტისა და მეგობრული ურთიერთობების არსებობაში.