2017 წლის 28 მარტიდან: უვიზო მიმოსვლა შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეებისთვის

Frage- und Ausrufezeichen, (c)  picture-alliance/chromorange Bild vergrößern (© picture-alliance/chromorange)

ხშირად დასმული კითხვები შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შესახებ

(კითხვა-პასუხების ჩამოტვირთვა გერმანულ, ინგლისურ და ქართულ ენებზე შესაძლებელია გვერდის ბოლოს)

1.   რომელ ქვეყნებში იქნება შესაძლებელი უვიზოდ მგზავრობა?


უვიზო მიმოსვლა ვრცელდება 2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, გარდა გაერთიანებული სამეფოს და ირლანდიისა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებშიც უვიზოდ მოგზაურობაა შესაძლებელი, შემდეგია:
•    ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც შენგენის ზონაში შედიან: ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი და შვედეთი;

•    ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც ჯერ არ არიან სრულად ინტეგრირებული შენგენის ზონაში: ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი და რუმინეთი.  
საფრანგეთისა და ნიდერლანდების შემთხვევაში, უვიზო მიმოსვლა ამ ქვეყნების მხოლოდ ევროპულ ტერიტორიებს მოიცავს.
უვიზო მიმოსვლა აგრეთვე მოიცავს შენგენის ასოცირებულ ქვეყნებს: ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია.

2. რა პერიოდით შემიძლია შენგენის ზონაში უვიზოდ დარჩენა?


შენგენის ზონაში შეგიძლიათ დარჩეთ 90 დღის ვადით ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.
ამ წესის გამოყენებისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი ასპექტები:
•    ქვეყანაში შესვლის დღე შენგენის ტერიტორიაზე ყოფნის პირველ დღედ ითვლება;
•    ქვეყნის დატოვების დღე შენგენის ტერიტორიაზე ყოფნის ბოლო დღედ ითვლება;
•    180-დღიანი პერიოდი არ არის ფიქსირებული. ეს უფრო მოძრავი ჩარჩოა და  ითვალისწინებს შენგენის ტერიტორიაზე გატარებული ყოველი დღის უკან გადათვლას  (იქნება ეს შესვლის მომენტიდან თუ ფაქტობრივი შემოწმების გავლის
•    თუ 90 დღის განმავლობაში არ იმყოფებოდით შენგენის ზონაში, ხელახლა შეგიძლიათ გაემგზავროთ და დარჩეთ 90 დღემდე ვადით.
აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი ნებართვით ან გრძელვადიანი ვიზით სარგებლობისას გატარებული დღეების რაოდენობა არ ანგარიშდება უვიზოდ მოგზაურობის ვადის გამოთვლისას. საცხოვრებელი ნებართვა და გრძელვადიანი ვიზა სხვა წესებს ექვემდებარება და ზემოთ მოცემული ახსნა და გამოთვლები მათზე არ ვრცელდება.

3. შემიძლია შენგენის ზონაში რამდენჯერმე შევიდე ამ პერიოდში?


დიახ, შეგიძლიათ. თუმცა, კარგად უნდა გამოთვალოთ შენგენის ზონაში გატარებული დღეების რაოდენობა, რადგან იქ გატარებული დღეების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ჯამში 90 დღეს, ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში (იხილეთ ზემოთ).
შენგენის ზონაში დარჩენის ხანგრძლივობა შეგიძლიათ გამოთვალოთ ქვემოთ მითითებულ ვებ-გვერდზე არსებული კალკულატორით ინგლისურ და რუსულ ენებზე:
https://ec.europa.eu/home-affairs/content/visa-calculator_en

4. რა სახის სამგზავრო საბუთებია საჭირო შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით სარგებლობისთვის?


ბოლო 10 წლის განმავლობაში გაცემული ბიომეტრიული პასპორტი, რომელსაც დარჩენილი აქვს სულ მცირე სამი თვის მოქმედების ვადა შენგენის ზონიდან დაგეგმილი გამგზავრების თარიღიდან.

5. უვიზო მიმოსვლა მაძლევს შენგენის ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლის უფლებას?


უვიზო მიმოსვლა არ იძლევა შენგენის ტერიტორიაზე შესვლისა და დარჩენის უპირობო უფლებას. წევრი ქვეყნები უფლებამოსილნი არიან უარი გითხრან საკუთარ ტერიტორიაზე შესვლასა და დარჩენაზე თუ ერთ ან მეტ პირობას არ აკმაყოფილებთ.
ვიზიტისთვის, რომლის ვადა არ სცილდება 90 დღეს ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში, მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის შენგენის ტერიტორიაზე შესვლის პირობები შემდეგია:
(ა) მოქმედი სამგზავრო დოკუმენტის (იხილეთ კითხვა 4) ან საზღვრის გადაკვეთის უფლების მიმნიჭებელი საბუთების ქონა;
(ბ) დაგეგმილი ვიზიტის მიზნისა და პირობების დასაბუთება, საკმარისი საარსებო საშუალების ქონა, როგორც დაგეგმილი ვიზიტის პერიოდისთვის, ასევე უკან დასაბრუნებლად;
(გ) თქვენზე არ უნდა არსებობდეს შეტყობინება "შენგენის საინფორმაციო სისტემაში" (SIS) შესვლაზე უარის თქმის შესახებ;
(დ) არ უნდა მიიჩნეოდეთ საფრთხედ საზოგადოებრივი წესრიგის, შიდა უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ან საერთაშორისო ურთიერთობებისთვის ნებისმიერ წევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით იქ, სადაც წევრი ქვეყნების ეროვნულ მონაცემთა ბაზებში არ არსებობს შეტყობინება ამავე საფუძვლით თქვენთვის შესვლაზე უარის თქმის შესახებ.

6. რა საბუთები უნდა წარვუდგინო საემიგრაციო ოფიცერს საზღვრის გადაკვეთისას?


უნდა წარუდგინოთ ბიომეტრიული პასპორტი. ამასთანავე, შესაძლოა მოგთხოვონ იმ დოკუმენტების წარდგენა, რომელიც ასაბუთებს მოგზაურობის მიზანსა და პირობებს (მაგალითად, ბილეთები შენგენის ტერიტორიაზე გადაადგილებისა და უკან დაბრუნებისთვის; საცხოვრებლის ჯავშნები; მოწვევის წერილი სტუმრობის, კონფერენციის ან ღონისძიების შემთხვევაში; სასწავლებელში მიღების ცნობა სასწავლო ვიზიტის შემთხვევაში და ა.შ.)  ისევე როგორც საკმარისი საარსებო საშუალების დადასტურება (იხილეთ ქვემოთ).

7. რა თანხა უნდა მქონდეს თან შენგენის ზონაში მგზავრობისთვის?


"შენგენის სასაზღვრო კოდექსის" მე-5 (3) მუხლის თანახმად: "საარსებო საშუალება უნდა შეფასდეს ვიზიტის ხანგრძლივობისა და მიზნის მიხედვით და შესაბამის წევრ ქვეყანაში ეკონომიურ საცხოვრებელში არსებული ბინისა და კვების საშუალო ფასების გათვალისწინებით, გამრავლებული ვიზიტის დღეების საერთო ოდენობაზე".
გადამოწმება იმისა, რომ მესამე ქვეყნის მოქალაქეს გააჩნია საკმარისი საარსებო საშუალება დაგეგმილი ვიზიტის ხანგრძლივობისა და მიზნისთვის, გამომგზავრების ქვეყანაში დაბრუნებისთვის ან მესამე ქვეყანაში ტრანზიტისთვის, ან დასტური იმისა, რომ ამ საშუალებათა მიღება კანონიერი გზით შეუძლია. საარსებო საშუალებათა შესაფასებლად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს შენგენის თითოეული ქვეყნის  მიერ განსაზღვრული საორიენტაციო თანხები.
საკმარისი საარსებო საშუალების ქონა შესაძლებელია დადასტურდეს ნაღდი ფულით, სამგზავრო ჩეკით ან საკრედიტო ბარათით, რაც მესამე ქვეყნის მოქალაქის საკუთრებას წარმოადგენს. თუ მესამე ქვეყნის მოქალაქე მასპინძელთან ჩერდება, საკმარისი საარსებო საშუალების დასტურად შესაძლოა ასევე ჩაითვალოს განცხადება დაფინანსების თაობაზე, თუკი ქვეყნის კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს  და მასპინძლის გარანტიის/მოწვევის წერილი, როგორც ეს ქვეყნის კანონმდებლობითაა განსაზღვრული.
საკრედიტო ბარათის ნამდვილობა შესაძლებელია გადამოწმდეს გამცემ კომპანიასთან დაკავშირების გზით ან საზღვრის გადაკვეთის პუნქტზე არსებული სხვა დაწესებულების მეშვეობით.
მასპინძლის მოწვევა შესაძლებელია გადამოწმდეს მასპინძელთან პირდაპირ დაკავშირებით ან მასპინძლის კეთილსინდისიერების გადამოწმებით ეროვნული საკონტაქტო პუნქტების მეშვეობით იმ წევრ სახელმწიფოში, რომელშიც მასპინძელი ცხოვრობს.

8. სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა ყოველთვის საჭიროა შენგენის ზონაში მგზავრობისთვის?


სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა არ არის სავალდებულო უვიზო რეჟიმით მოსარგებლე მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის. მიუხედავად ამისა, რეკომენდებულია დაზღვევის ქონა შენგენის ქვეყნებში მოგზაურობისას. 


9. რა მიზნებით შემიძლია შენგენის ზონაში მოგზაურობა ვიზის გარეშე?


შეგიძლიათ იმოგზაუროთ ტურისტის რანგში, მეგობრების ან ოჯახის მოსანახულებლად, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დასასწრებად, საქმიანი შეხვედრებისთვის, ჟურნალისტიკას ან მედიასთან დაკავშირებული მიზნებისთვის, სამედიცინო მკურნალობისთვის, მოკლევადიანი სწავლის ან ტრენინგისთვის და ნებისმიერი მსგავსი აქტივობისთვის.
თუმცა, უვიზო მიმოსვლა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც მოგზაურობენ წევრ ქვეყანაში ანაზღაურებადი საქმიანობის განსახორციელებლად, ე.ი. ევროკავშირში მიემგზავრებიან სამუშაოდ (იხილეთ მომდევნო კითხვა). 


10. მჭირდება ვიზა შენგენის ზონაში სამუშაოდ 90 დღეზე ნაკლები პერიოდისთვის?


დიახ, წევრი ქვეყნების უმეტესობა ითხოვს ვიზას და სამუშაო ნებართვას თუ მუშაობას აპირებთ, იმ შემთხვევაშიც, როდესაც ეს 90 დღეს არ აღემატება. გთხოვთ დაუკავშირდეთ საელჩოს/საკონსულოს იმ წევრი ქვეყნისა, რომელშიც სამუშაოდ გამგზავრებას აპირებთ და იკითხოთ გესაჭიროებათ თუ არა სპეციალური ტიპის ვიზა და სამუშაო ნებართვა. 


11. თუ შენგენის ზონაში მცხოვრები მეგობრის ან ნათესავის მოსანახულებლად მივდივარ, დამჭირდება თუ არა საზღვარზე ამ პირის შესახებ კონკრეტული ინფორმაციის წარდგენა?


შეიძლება გთხოვონ ამ პირის შესახებ ინფორმაციის წარდგენა. რეკომენდებულია სულ მცირე მისამართის და საკონტაქტო ნომრის ქონა. 


12. მჭირდება თუ არა ვიზაზე ან/და სწავლის ნებართვაზე განაცხადის შეტანა, როდესაც შენგენის ზონაში მოკლევადიანი სასწავლო ვიზიტისთვის ვაპირებ გამგზავრებას?


არა. არ გჭირდებათ სწავლის ნებართვაზე განაცხადის შეტანა, თუ გეგმავთ შენგენის ზონაში ისეთი კურსის გავლას, რომლის საერთო ხანგრძლივობა 90 დღეს არ აღემატება (180-დღიან პერიოდში). უფრო გრძელვადიანი სასწავლო კურსებისთვის, საჭიროა სწავლის ნებართვის მისაღებად განაცხადის შეტანა, რომლისთვისაც წესები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება. შესაბამისად, რეკომენდებულია იმ ქვეყნის საელჩოსთან/საკონსულოსთან გადამოწმება, რომელში სწავლასაც აპირებთ. 


13. როდესაც უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება, შემეძლება შენგენის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვლა?


შენგენის ზონაში ქვეყნებს შორის სასაზღვრო კონტროლი არ არსებობს.  მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაძლებელია წევრმა ქვეყნებმა მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარ საზღვრებზე კონტროლის აღდგენის შესახებ გარკვეული დროით.  ასეთ შემთხვევაში, შეიძლება მოგიწიოთ სასაზღვრო კონტროლის გავლა ამგვარი საზღვრის გადაკვეთისას, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ პირს (მათ შორის ევროკავშირის მოქალაქეებს); თუ კვლავ დააკმაყოფილებთ შესვლის პირობებს, მაშინ შენგენის ზონაში თავისუფლად მოგზაურობის უფლებაზე ამას გავლენა არ ექნება.
სასაზღვრო კონტროლი დაწესებულია შენგენის ქვეყნებსა და ბულგარეთს, ხორვატიას, კვიპროსსა და რუმინეთს შორის (ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც ჯერ სრულად არ არიან ინტეგრირებული შენგენის ზონაში). კონტროლი ასევე ხორციელდება შენგენის ქვეყნებსა და გაერთიანებული სამეფოს და ირლანდიის საზღვრებზე (რადგან ისინი არ შედიან შენგენის ზონაში).
პირები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის მოქალაქეები, ვალდებულნი არიან დააკმაყოფილონ ტერიტორიაზე შესვლის ყველა პირობა (იხილეთ მე-5 კითხვა) და შესაძლოა დასჭირდეთ ამის დადასტურება შენგენის ზონაში სასაზღვრო კონტროლის დროებით აღდგენის შემთხვევაში.


14. თუ 90 დღეზე მეტ ხანს დავრჩები (საცხოვრებელი ნებართვის ან გრძელვადიანი ვიზის გარეშე) ან შენგენის ზონაში ვიმუშავებ (სამუშაო ნებართვის გარეშე), რა შეიძლება მოყვეს ამას?


პირს, რომელიც არ არის ევროკავშირის მოქალაქე და შენგენის ზონაში დაჰყოფს 90 დღეზე მეტ ხანს (საცხოვრებელი ნებართვის ან გრძელვადიანი ვიზის გარეშე) ეს დრო ჩაეთვლება არალეგალურ ყოფნად, რასაც შეიძლება მოყვეს შენგენის ზონაში შესვლის აკრძალვა. სამუშაო ნებართვის გარეშე შენგენის ზონაში მუშაობა (90 დღეზე ნაკლები ვადითაც კი) ასევე არაკანონიერია მსგავსად ვადაგადაცილებისა; ამას შეიძლება მოყვეს შენგენის ზონაში შესვლის აკრძალვა. აგრეთვე, ზოგიერთი წევრი ქვეყნის მხრიდან, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ადმინისტრაციული სახის ჯარიმები.

კითხვა-პასუხების ჩამოტვირთვა გერმანულ, ინგლისურ და ქართულ ენებზე

FAQ auf Georgisch / FAQ qartulad