ქალები გერმანიაში: გასაკეთებელი კიდევ ბევრია

Angela Merkel im Bundestag (Archiv) Bild vergrößern (© dpa/pa)

8 მარტს მსოფლიო ქალთა საერთაშორისო დღეს ზეიმობს. მამაკაცებისა და ქალების თანასწორუფლებიანობასთან დაკავშირებით გერმანიაში მიღწეული მნიშვნელოვანი წინსვლის მიუხედავად, ეს დღე ყოველ წელს საშუალებას იძლევა, რომ თანასწორობის პოლიტიკა გერმანიაში კრიტიკულად იქნეს განხილული. 2005 წელს ანგელა მერკელის კანცლერად არჩევით პირველად უმნიშვნელოვანესი პოსტი გერმანულ პოლიტიკაში ქალმა დაიკავა. ამის მიუხედავად კანცლერი მაინც მოკრძალებულად აფასებს თანასწორობის სფეროში მიღწეულ პროგრესს და ქალთა საერთაშორისო დღეს მოტივაციად იყენებს იმისათვის, რომ ”უფრო მეტი გააკეთოს ყოველდღიურ ცხოვრებაში ქალთა ნამდვილი თანასწორობის მისაღწევად”. ეს კი ნიშნავს, რომ მან წლის დანარჩენ 355 დღესაც უნდა დააკმაყოფილოს ბევრი ქალისა და სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციის მოთხოვნები საზოგადოებაში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ.


წინაპირობები ამისათვის შექმნილია გერმანიის კონსტიტუციის მე-3 მუხლში, რომელიც არა მარტო მამაკაცებისა და ქალების თანასწორუფლებიანობის გარანტიას იძლევა. მის დამატებაში ასევე წერია, რომ სახელმწიფომ ამ სფეროში არსებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად უნდა იმუშაოს. 2006 წელს ძალაში შესული ”თანასწორუფლებიანობის ზოგადი კანონი”, ევროკავშირის ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა და ქალთა დაცვის, ხელშეწყობისა და თანასწორობის საერთაშორისო შეთანხმებების ხელმოწერა კარგ საფუძველს იძლევა იმ მიზნის მისაღწევად, რომ კაცებსა და ქალებს მიეცეთ ცხოვრებისა და განვითარების თანაბარი შანსი.


მაგრამ სინამდვილეში ჯერ კიდევ დიდი განსხვავებაა მოთხოვნასა და რეალობას შორის. მიუხედავად იმისა, რომ ქალებმა ბოლო ათი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაუსწრეს კაცებს განათლების მხრივ, ისინი მაინც არ არიან შესაბამისად წარმოდგენილები პროფესიულ ცხოვრებაში. მართალია გერმანიაში ქალები სულ უფრო ხშირად იკავებენ წამყვან პოსტებს, მაგრამ ეს ხშირად იმის ხარჯზე ხდება, რომ ისინი შვილების გაჩენაზე ამბობენ უარს. ამგვარად ისევ პრობლემატურ საკითხად რჩება კარიერისა და დედობის შეთავსება. გერმანიის სტატისტიკის ფედერალური უწყების მონაცემებით 2013 წელს დასაქმებულთა 56% კაცები იყვნენ და 10% ყველა დასაქმებული კაცისა წამყვან პოსტებზე მუშაობდა. დასაქმებულ ქალთა შორის ეს მონაცემი მხოლოდ 4% აღწევს. როგორც წესი, მამაკაცებისა და ქალების დაბალანსებული მონაწილეობა ოჯახურ და სამუშაო ცხოვრებაში არ არის მიღწეული, განსაკუთრებით, როდესაც ოჯახში პატარა ბავშვები არიან. მაშინ, როდესაც დედების უმრავლესობა (55%) არ მუშაობს, მამების 82% დასაქმებულია, რაც, თითქმის ორჯერ მაღალ მონაცემს წარმოადგენს. დასაქმებულ ქალთა წილი ქვეყნის მასშტაბით ძალიან დაბალია არა მხოლოდ კერძო სექტორში, არამედ, მაგალითად, უმაღლესი სასწავლებლების პროფესურაშიც. ის 16.2% წარმოადგენს.


მსგავსი უთანასწორობა არსებობს ხელფასებშიც. ქალები იგივე კვალიფიკაციისას საგრძნობლად ნაკლებ ხელფასს იღებენ, ვიდრე მამაკაცები. გერმანიის პროფკავშირთა გაერთიანება საუბრობს საშუალოდ 22%-ით ნაკლებ ხელფასზე ქალებისათვის კაცებთან შედარებით. სხვა სავარაუდო მიზეზებთან ერთად არათანაბარი ანაზღაურების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ქალების მიერ სამსახურის გაცდენა ოჯახური მიზეზების გამო, რაც იწვევს როლების ტრადიციული გადანაწილებისაკენ დაბრუნებასა და სქესის მიხედვით სპეციფიური პროფესიების არჩევას.


იმისათვის, რომ ყველა საზოგადოებრივ სფეროში გაძლიერდეს ქალების პოზიციები, მიმდინარეობს მუშაობა არა მარტო მოქნილი და ოჯახზე ორიენტირებული სამუშაო საათების შესაქმნელად, არამედ ასევე არის მცდელობა, რომ მოხდეს მამაკაცის როლის ახლებურად გააზრება ტრადიციული კლიშეებისა და როლთა გადანაწილების არსებული წარმოდგენების მიუხედავად. ახლანდელი ფედერალური მთავრობა გეგმავს ტიპიური ქალური პროფესიების (მაგ. მოვლის სფეროში) პრესტიჟის ამაღლებას, ბაგა-ბაღებში ბავშვთა მაღალხარსხიანი მოვლის გარანტირებას და ”მშობელთა ანაზღაურების” (Elterngeld) სისტემის განვითარებასა და გაუმჯობესებას.