თანამედროვე გერმანული ფილმი

Der Bär: Wahrzeichen der Berlinale Bild vergrößern (© dpa/pa)

ბოლო წლების რამდენიმე წარმატებული ფილმის დამსახურებად უნდა ჩაითავლოს ის ფაქტი, რომ გერმანული ფილმების საბაზრო წილმა ამჟამად ისევ 25%-ს გადააჭარბა. კომედია „Fack ju Göhte“ 2013 წელს წლის საუკეთესო ფილმად აღიარეს, ხოლო კიდევ ორი გერმანული ფილმი ყველაზე ხშირად ნაყურებ ფილმების ათეულში მოხვდა.

გერმანულმა ფილმებმა საერთაშორისო ასპარეზზეც მიიპყრეს ყურადღება და რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდოც მოიპოვეს. ახალგაზრდა გერმანელმა რეჟისორმა ფლორიან ჰენკელ ფონ დონერსმარკმა ”საუკეთესო უცხოური ფილმის” კატეგორიაში 2006 წელს ოსკარი მიიღო ფილმისთვის „Das Leben der Anderen“. 2008 წელს ფილმი „Der Baader-Meinhof-Komplex“, რომელშიც ასახულია ტერორისტულ ჯგუფ ”წითელი არმიის ფრაქციის” განვითარების ისტორია, იგივე კატეგორიაში იყო ნომინირებული, ხოლო ფილმი „Das weiße Band – eine deutsche Kindergeschichte“ 2009 წელს კანის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე ”ოქროს პალმით” დაჯილდოვდა.

გერმანული კინოს ვარსკვლავებს განეკუთვნებიან დანიელ ბრიული, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით პოპულარული გახდა ცნობილი კომედიით „Good Bye, Lenin!“, მათიას შვაიგჰიოფერი, რომელიც მაყურებელმა კომედიებით „Der Schlussmacher“ და „Zweiohrküken“ შეიყვარა, ასევე ახალგაზრდა მსახიობი დავიდ კროსი, რომელიც ცნობილი რომანის „Der Vorleser“-ის ეკრანიზაციაში კეით უინსლეტთან ერთად თამაშობდა და ამისთვის 2009 წელს კანში Trophée Chopard მიიღო, რომლითაც ახალგაზრდა მსახიობებს აჯილდოვებენ. დიანე კრუგერის სახით (Troja, Inglorious Basterds) გერმანელი მსახიობები ჰოლივუდშიც არიან წარმოდგენილები.

გერმანული ფილმის რენესანსის მნიშვნელოვან მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს იმიჯის ცვლილება. მისი ინიციატორი იყო დიტერ კოსლიკი, რომელიც 2002 წლიდან ხელმძღვანელობს ფილმების საერთაშორისო ფესტივალ ”ბერლინალეს”. ამასობაში გერმანელი რეჟისორები, პროდიუსერები და გამქირავებლები თავიანთი ახალი ნამუშევრებით რიგში დგანან იმისათვის, რომ ”ბერლინალეზე” იყვნენ წარმოდგენილები. ჰამბურგელი რეჟისორი ფატიჰ აკინი ბერლინში ფილმისთვის „Gegen die Wand“ ”ოქროს დათვით” დაჯილდოვდა და ერთ ღამეში გაითქვა სახელი. ეს მრავალმხრივი რეჟისორი ახლაც ძალიან პოპულარულია ისეთი ფილმებით, როგორებიცაა კომედია „Soulkitchen“ ან აქტუალური ფილმი „The Cut“, რომელიც მისი ტრილოგიის „Liebe, Tod und Teufel“-ის ბოლო ნაწილს წარმოადგენს.