გერმანიის კანდიდატურა გაეროს უშიშროების საბჭოში

Logo der deutschen Sicherheitsratskandidatur Bild vergrößern (© Auswärtiges Amt)


გერმანიამ წარადგინა საკუთარი კანდიდატურა გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრობაზე. გერმანიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა შტაინმაიერმა 2016 წლის 27 ივნისს ჰამბურგში გამოაცხადა განაცხადის შეტანის შესახებ უშიშროების საბჭოს წევრობაზე 2019/20 წლებში. არჩევნები სავარაუდოდ 2018 წლის ივნისში გენერალური ასამბლეის დროს შედგება. ახალი კანდიდატურა (ბოლოს 2011/2012 წელს ვიყავით უშიშროების საბჭოში) არის ჩვენი პოლიტიკური ნების გამოხატვა, რომლითაც ვადასტურებთ, რომ გვინდა აქტიური წვლილი შევიტანოთ იმ გამოწვევების დაძლევაში, რომლებიც მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურება. ეს კი უშიშროების საბჭოს მთავარი ამოცანა. ჩვენი წევრობა ხაზს გაუსვამდა ჩვენ პოზიციასა და პოლიტიკურ წონას გაეროში.


ლაიბნიცის გლობალური და რეგიონალური კვლევების ინსტიტუტის (GIGA) მოწვევის ფარგლებში, ჰამბურგის მერიაში გამართულ ღონისძიებაზე "GIGA Distinguished Speaker Lecture Series" გამოსვლისას შტაინმაიერმა ყურადღება გაამახვილა გაეროს უშიშროების საბჭოს მნიშვნელობაზე:
„ამ არამშვიდობიან დროს მშვიდობისათვის ბრძოლაში ჩვენ ახლა განსაკუთრებით გვჭირდება გაერო და უშიშროების საბჭო. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სულ უფრო მეტად აკრიტიკებენ და სამწუხაროდ ეს საბჭო მართლაც ხშირად  დაბლოკილია, ის მაინც რჩება ერთადერთ ორგანოდ, რომელსაც შეუძლია გაატაროს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში სავალდებულო ღონისძიებები კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობის დაცვისათვის. მიუხედავად სკეპტიციზმისა უნდა ითქვას, რომ გასულ წელს 63 რეზოლუციიდან საბჭომ 60 რეზოლუცია კონსესუსით მიიღო. უშიშროების საბჭო არის კრიზისების ცენტრალური და გლობალური მენეჯერი!“


შტაინმაიერის თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანიისთვის: „გერმანიისათვის, როგორც ეკონომიკურად, პოლიტიკურად და საზოგადოებრივად სამყაროსთან მჭიდრო კავშირში მყოფი ქვეყნისთვის, და ზოგიერთი კვლევის მიხედვით ჩვენ ქვეყანას ყველაზე მეტი კავშირები აქვს მსოფლიოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფუნქციონირებადი, მშვიდობიანი და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. და რადგან ეს ასეა, ამიტომ ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ამ წესრიგის შენარჩუნებისა და შემდგომი განვითარებისთვის.“


გაეროს ფარგლებში გერმანიის აქტიურობის შეჯამება შეიძლება სიტყვებით „მშვიდობა, სამართლიანობა, პარტნიორობა და ინოვაცია“. ეს არის ასევე საარჩევნო კამპანიის მთავარი თემები.

Mitglieder des Sicherheitsrats Bild vergrößern (© Bundesregierung)


მშვიდობა

სამყაროში, რომელიც სულ უფრო უწესრიგო ხდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ერთობლივად გაუმკლავდეს ძველ და ახალ საფრთხეებს. აქ გერმანია სანდო პარტნიორს წარმოადგენს: უკვე თითქმის 30 წლის განმავლობაში ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ სამშვიდობო მისიებში, როგორც პერსონალით, ასევე ფინანსურადაც. კონფლიქტების პრევენცია, სტაბილიზაცია, კონფლიქტების შემდგომი რეაბილიტაცია და შეაიარაღების კონტროლი არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულებები.


სამართლიანობა


გერმანია მხარს უჭერს ფუნქციონირებად, ღირებულებებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს. ადამიანის უფლებები არის ჩვენი გლობალური თანაცხოვრების ფუნდამენტი. გენდერული თანასწორობა და ქალებისა და გოგონების თვითგამორკვევის უფლება, საზოგადოებრივი ინკლუზია, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები არის ჩვენი ძირითადი ღირებულებები, რომლებისთვისაც გლობალურ დონეზე ჩვენ ყოველდღიურად ვაქტიურობთ.


ინოვაცია


ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს კლიმატი. პარიზში შეთანხმებული და სავალდებულო კლიმატის ხელშეკრულებით დადგინდა მდგრადი ენერგომომარაგების კურსი მსოფლიოს მასშტაბით. როგორც გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა და ასევე მოწინავე ქვეყანა განახლებადი ენერგიის სფეროში, ჩვენ გვაქვს მრავალმხრივი გამოცდილება და ამბიციები. ჩვენ ერთ-ერთ ცენტრალურ თემას ასევე წარმოადგენს თანასწორუფლებიანი და მაღალხარისხიანი განათლება ყველა ბავშვისა და ახალგაზრდისთვის. ეს არის თემები, რომლებიც ერთი შეხედვით არ არის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი, მაგრამ ისინი წარმოადგენენ მთავარ წინაპირობას მშვიდობიანი და თავისუფალი საზოგადოებისთვის. განათლების, წყალმომარაგებისა და ჯანსაღი გარემოს გარეშე არ შეიძლება არსებობდეს უსაფრთხოება.


პარტნიორობა


გერმანია არის მსოფლიოს პარტნიორი. ჩვენთვის პარტნიორობა ნიშნავს ურთიერთობას თანაბარ დონეზე. ჩვენ გვინდა ვისწავლოთ და გვსურს, ჩვენი გამოცდილება განვითარებისათვის გამოვიყენოთ. ამიტომ განვითარების პოლიტიკა ჩვენ გვესმის როგორც ინვესტიცია მომავლისთვის: განვითარების პოლიტიკა ნიშნავს ინფრასტრუქტურის შექმნას, ცოდნისა და იდეების გაზიარებას, დახმარების გაწევას თვითდახმარებისთვის. გერმანიას სურს და შეუძლია, წვლილი შეიტანოს იმაში, რომ სამყარო უფრო ადამიანური გახდეს. ეს კი ნიშნავს სამართლიან და ჰუმანურ დამოკიდებულებას ლტოლვილებისადმი. ლტოლვილობის მიზეზები ადგილზე უნდა იქნეს დაძლეული, ამიტომ გერმანია არსებითად იღებს მონაწილეობას ისეთი დამხმარე ორგანიზაციების მუშაობაში, როგორებიცაა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) და გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა.